Skip to content

ჩემი სკოლა და ბულინგი

January 30, 2016
by

3 წელია არაფერი დამიწერია და ცოტა არ იყოს მკვდრეთით აღდგომას გავს ეს პოსტი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გიგას პოსტი ვნახე ბულინგზე რამაც ძველი ამბები გამახსენა და გადავწყვიტე დამეწერა.

3 წლის წინ X2 კლასიდან რამდენიმე ბავშვი X3-ში  გადავედით მარტივი მიზეზის გამო- კლასში ბულინგი სუფევდა.
ახალ სკოლაში რომ გადავედი მეგობრები საერთოდ არ მყავდა და ორ კლასელს დავუმეგობრდი. ვლაპარაკობდით მუსიკაზე, ფილმებზე, წიგნებზე და მხატვრებზე და ამაში ის ფაქტი რომ განსხვავებულ ვარცხნილობას და ტანსაცმელს ატარებდნენ ხელს არ მიშლიდა. მაგრამ ჩვენი ერთი კლასელი ასე არ ფიქრობდა და ერთ დღესაც ჩემს მეგობარს უთხრა რომ მასთან მეგობრობა აღარ უნდოდა. თავიდან არაფერი, უბრალოდ აღარ მეგობრობდნენ, მაგრამ მერე იმ ბიჭმა და მისმა მეგობრებმა მისი დაცინვა დაიწყეს. ჯერ უბრალოდ გაკვეთილის მოყოლას არ აცდიდნენ და იცინოდნენ, მერე სხვებიც აყვნენ და კლასი ორი ბავშვის დაცინვამ გააერთიანა. მე არ ვიყავი დაცინვის სამიზნე, მაგრამ რახან მათთან ვმეგობრობდი ეს ამბები მეც მეხებოდა.

მერე იყო კიბერ ბულინგი.
ერთ დღეს ფეისბუქზე ლინკი გამომიგზავნეს, სადაც რომელიღაც გასართობ გვერდს (რომლის ადმინიც ჩვენი სკოლელი იყო) ჩემი მეგობრების ფოტო აეტვირთა და ასამდე ადამიანი დაცინოდა საჯაროდ- ზოგი წერდა მოკალით ეს საცოდავებიო, ზოგი წერდა საწყალი ამათი უბნის კატებიო, ზოგიც მეტეორი ესროლეთო და მოკლედ, როგორც ვიცით ხოლმე. ფოტო დავარეპორტეთ და წაშალეს, მაგრამ სანამ კლასი არ შევიცვალეთ ბულინგი გრძელდებოდა.
ეს ამბები ყველამ იცოდა, მაგრამ მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობდნენ თავი აერიდებინათ რეაგირებისთვის, რადგან მთავარი ბულერები, რომლებმაც ეს ამბავი წამოიწყეს კარგი მოსწავლეები და პერსპექტივაში ოქროს მედალოსნები იყვნენ.

დღეს აღარც მე და ის ბავშვები ვართ ახლო მეგობრები, მაგრამ ეს თავისთავად მოხდა, არც ერთმანეთისთვის დაგვიცინია და არც გვიჩხუბია, ძველი კლასელები კი (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) იმ ამბების მერე მეგობრებიდან წავშალე და ქუჩაში რომ მხვდებიან არ ვესალმები. ერთი პერიოდი ვფიქრობდი შეიძლება ნანობენ მეთქი, მაგრამ დაახლოებით წლინახევრის წინ რაღაც შეხვედრას ვუძღვებოდი და დარბაზში ორი მათგანი დავინახე, მე ვლაპარაკობდი და ისინი უკანა რიგში იცინოდნენ-მე დამცინოდნენ. პირველად მაშინ შემეხო ბულინგი პირადად მე. მერე მივხვდი რომ კიარ ნანობენ, უბრალოდ ახალ-ახალ მსხვერპლს ირჩევენ.

და მაინც მგონია, რომ არ არიან ცუდი ადამიანები, ალბათ ასეც არის, მაგრამ მათი სახელების გაგონებაზე ჩემი პირველი ასოციაცია ყოველთვის ბულინგი იქნება და ამ წლის ბოლოს როცა ოქროს მედლებს გადასცემენ ალბათ გულის სიღრმეში ვიფიქრებ რომ ცინიზმისათვის აჯილდოვებენ.

 

ეს კი ჩემი საყვარელი რეჟისორის, ქსავიერ დოლანის მიერ გადაღებული კლიპია ფრანგულ ჯგუფ Indochine-სთვის ბულინგის თემაზე. ფრანგული არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამაა რაც ბულინგზე მინახავს

 

“ადრე დადიოდა, მასწ!”

June 17, 2013
by

ზუსტად სამი წლის წინ ერთი სული მქონდა, როდის შევიდოდი სამხატვრო სკოლაში, მოლბერტს დავიდებდი წინ და დავხატავდი.

სამხატვრო სკოლის დირექტორი, თუ ვიღაც დედაჩემის სტუდენტობის “მეგობარი” აღმოჩნდა და დიდი სიყვარულით დამხვდა. თავიდან პატარა ოთახში შემიყვანეს, სახელი და გვარი და კიდევ რაღაც მონაცემები ჩაიწერეს. მერე დიდ ოთახში შევედი სადაც ძალიან ბევრი ბავშვი, მოლბერტი, დოქი და ბიუსტი იყო. მუცელში ის შეგრძნება მქონდა გამოცის წინ რომ მქონდა ხოლმე. მოკლედ იმ დირექტორა, თუ ვიღაცამ მასწავლებელი გამაცნო, ისეთი გამომეტყველება და ხმის ტემბრი ჰქონდა იფიქრებდი ჰა, ჰა და ჩაეძინებაო. მერე ჩემი ნახატები ამომალაგებინეს და თვალიერებას შეუდგნენ, ყველა ბავშვი მოცვიდა და ათვალიერებდა.
“მგონი მოეწონათ”

მერე ვიღაც ბავშვები მოვარდნენ და გამეცნენ, რაღაც სისულელეები მელაპარაკეს, კედელზე გაკრული თავიანთი ნახატები მაჩვენეს, იხორხოცეს და წავიდნენ. არც ერთის ნახატი მომწონებია.

მერე სამხატვროს დირექტორმა, თუ ვიღაცამ დამიძახა, მითხრა კარგად ხატავო. ახლა რაღაც კონკურსია ლეხ კაჩინსკის სიკვდილის თემაზე და იქნებ დახატო რამეო. გამარჯვებულები პოლონეთში წავლენ და რა იცი რა ხდებაო. პოლონეთში წასვლა ურიგო არ იყო, მარა ეს ლეხ კაჩინსკის თემა ძალიან უინტეესო იყო ჩემთვის “მთელი პოლონეთი დედას აგინებს კაჩინსკის და მე სამგლოვიარო ნახატი უნდა ვხატო?! ჰმ” გადავწყვიტე რომ ამ კონკურსში მონაწილეობა არ მიმეღო, თუმცა იმ კაცს მაინც ვუთხარი დავფიქრდები მეთქი.

მერე მასწავლებელმა, თვალები რომ ელულებოდა წინ დამისვა, მოლბერტი დამიდო და მითხრა რაც გინდა დახატეო და დამტოვა. მე დავიწყე ჩემებურის ხატვა. ნახევარ საათში მოვიდა მხარზე დამადო ხელი და მითხრა: “კარგი ნახატია, სახასიათო პორტრეტებს ხატავ, მაგრამ იქნებ იმ დოქის დახატვა გეცადაო” და ხელი გაიშვირა. “მეტი ფურცელი არ მაქვს” – ამის თქმა არც მქონდა დამთავრებული, მთელ ოთახში ფურცლების ფხრეწის ხმა რომ გაისმა და ჩემკენ ოცამდე ფურცლიანი ხელები მორბოდა.
-გამარჯობა მე შაკო ვარ, აი ფურცელი! -ლამის ყურში ჩამყვიროდა შაკო იყო თუ ვიღაც ჯანდაბა. მივბრუნდი და გავუღიმე
-მადლობა, შაკო მომავალ გაკვეთილზე ფურცელს დაგიბრუნებ.
-არ მინდა. გქონდეს!!
“რამხელაზე ლაპარაკობ შენი დედა ვატირე, მესმის”
-ხვალ დაგიბრუნებ, შევთანხმდით?
-არა, მართლა გქონდეს. ბევრი მაქ ისედაც.
-ჰმ, კაი.
გაიღიმა, მერე თავის ადგილს დაუბრუნდა და იქიდან იღრიჭებოდა შიგადაშიგ.
“ვინაა ეს დარტყმული”

დოქის ხატვას შევუდექი და დოქი კი არა ჟირაფი გამოდიოდა. ცხრაჯერ მაინც წავშალე რაც დავხატე. ბოლოს მაინც ცარიელი დავტოვე ფურცელი. მერე მასწავლებელმა თქვა ნახატები მაჩვენეთო. მე სულ ბოლოს მივეცი და ვუთხარი მომავალ გაკვეთილზე ვეცდები დავხატო თქო.

შემდეგ გაკვეთილზე მასწავლებელმა გაზომვა და კიდევ რაღაცები მასწავლა და ძლივს დოქი დოქს დაემსგავსა. სამი სხვადასხვანაირი დოქი რომ დავხატე, კიდევ რამდენიმე ბავშვი გავიცანი და მასწავლებლის საუბარს მოვუსმინე (რომლის გამომეტყველებას წინა დღეს, თურმე უძილობას სულ ტყუილად ვაბრალებდი), მივხვდი, რომ მეტჯერ სამხატვრო სკოლაში მიმსვლელი არ  ვიყავი.

მაგ დღის შემდეგ ხშირად რეკავდნენ ტელეფონზე და კითხულობდნენ გაკვეთილების გაცდენის მიზეზს და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მერე დამიბარეს რაღაც მნიშვნელოვანიაო და მეც მივედი. ჩემი ნახატებიდან ორი აარჩიეს და ქუთაისში რაღაც გამოფენაზე გაგზავნეს. ერთ კვირაში კი სამხატვრო სკოლის დარბაზში დაგეგმეს გამოფენა და იმისთვისაც აარჩიეს ნახატები. მერე დაგიბრუნებთო მითხრეს.
ერთ კვირაში კი მივედი გამოფენაზე, მაგრამ ცოტა გვიან (ცოტა კიარა კარგი გვიან) ნახატებს ხსნიდნენ უკვე. რომ დამიბრუნეს, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნახატი აკლდა. აკლია მეთქი რომ ვუთხარი იმ კაცმა, დირექტორია თუ ვიღაცა მომახარა პოლონეთის ელჩი გვყავდა სტუმრად, მოეწონა და ვაჩუქეთო. საშინლად გავცოფდი რომ ჩემს დაუკითხავად ურსულას, ორსულას, ურშულას თუ ვიღაც ჯანდაბას აჩუქეს ჩემი საყვარელი ნახატი. არაფერი მითქვამს ისე წამოვედი.
ამის მერე არც ვყოფილვარ იქ.

ამ ყველაფრის მერე სკოლაც შევიცვალე ახალ კლასში მოვხვდი. პირველ დღეს მასწავლებელი წიგნების ავტორებს გვაწერინებდა. მე ფურცელი არ მქონდა და ბავშვებს ვთხოვე ამომიხიეთ მეთქი. ისევ ფურცლების ფხრეწის ხმა, ოცამდე ფურცლიანი ხელი და ისევ “გამარჯობა, მე შაკო ვარ, აი ფურცელი!”
“ვინაა ეს დარტყმული”

სკოლაში გაკვეთილზე ხანდახან ვხატავ ხოლმე, მასწავლებლები როგორც თვითონ ამბობენ აღფრთოვანებულები არიან ჩემი ნიჭით. ზოგი მეკითხება სამხატვრო სკოლაში თუ დადიხარო, მე მკვახედ ვპასუხობ “ა რ ა”-ს, შაკომ კი არ არსებობს არ ჩააკვეხოს:  “ა დ რ ე   დ ა დ ი ო დ ა,  მ ა ს წ!!”

წარსულის ინტერნეტ სამყარო #2

January 13, 2013
by

ამ პოსტში გაჩვენებთ, თუ როგორი იყო ესა თუ ის ცნობილი საიტები წლების წინ. ეს პოსტის მეორე ნაწილია. ხოლო ვისაც პირველი არ გინახავთ ეწვიეთ ლინკს. Read more…

December 5, 2012

ახლა აცივდება;
ათოვდება;
აწვიმდება;
აჭყაპტება;
აქარდება;
აგრიგალდება;
ასეტყვდება;
აყინდება;
ატალახდება;
აქარიშხალდება;
აავდრდება;
აჭექაქუხილდება;
ანიავდება;
აცუნამდება;
აკურტკდება;
აჩექმდება;
ახელთათმანდება;
აბათინკდება;
“ავალინკდება”;
აკალოშდება;
აქოლგდება;
აბუხარდება;
აღუმელდება;
აკვამლდება;
ანაძვისხდება;
აჩიჩილაკდება;
ააპოკალიფსდება;

თქვენ, კიდევ, მაინც გიყვართ ეს დასწვავი ზამთარი!

დაჭყანვა

November 10, 2012

ავტობუსიდან პატარა, კიკინებიანი გოგონა დამეჭყანა (თვალები დააელმა, ლოყები გაიწელა და ენა გამომიყო). მე მხოლოდ თვალის ჩაკვრა მოვასწარი.
გავიფიქრე ნინიკო ერქმევა მეთქი, მაგრამ აბა მე რავიცი.. საყვარელი ბავშვი იყო-ქერათმიანი. დაჭყანვაც უხდებოდა.
ნეტავ თვალები ფოტოაპარატი იყოს და მათი დახამხამებისას ფოტოს იღებდე. ართჯერ მაინც ჩავუკრავდი იმ პატარა გოგონას თვალს…

პარასკევი

October 17, 2012

დაღლილი რომ დადიხარ ქუჩაში და ყურებში ყურსასმენები გაქვს გარჭობილი. ხმამაღლა რომ ღიღინებ და გაინტერესებს, ნეტავ ვინმეს თუ ესმის შენი ხმა და თუ კი- რას ფიქრობს. ყურსასმენის კაბელს რომ თითზე იხვევ და თან ცდილობ ნაბიჯები რითმს აუყოლო.
როცა ფიქრობ, რომ სახლში მისვლისთანავე კარგად გამოიძინებ. ამჩნევ რომ წელი გტკივა. გინდა ჩანთა სადმე მოისროლო. ერთი სული რომ გაქვს სახლში მიხვიდე, დივანზე დააგდო ჩანთა, შენ კი საწოლზე ზურგით დაეცე და დაისვენო. ნაბიჯს რომ უსწაფებ.
დაწყებული წიგნი რომ გახსენდება, რომელიც შუა გზაზე მიატოვე, ფიქრობ, ნეტავ რა ბედი ეწიათ წიგნის პერსონაჟებს? მაგრამ ტყუილად, იცი რომ აღარასდროს გააგრძელებ მის კითხვას.
გაჩერებამდე რომ მიაღწევ, ავტობუსში სწრაფად ადიხარ და სკამზე ეხეთქები. ადგილები სწრაფად რომ ივსება და ავტობუსიც იძრება. ხანში შესული ქალი რომ ამოდის, შენ წინ დგება და თვალებში გიყურებს. რომ არ გინდა შეხედო, მაგრამ შემთხვევით გეხედება, იმავე წამსვე აშორებ თვალს, მაგრამ უკვე იცი რაზე ფიქრობს და რა უნდა. პრინციპული გოგო ხარ და არ დათმობ  ადგილს, რომელშიც ფულს იხდი. იცი რომ შეიძლება უზრდელად ჩაგთვალონ, მაგრამ არ აპირებ ხელში დაიჭირო მძიმე ჩანთა, მხოლოდ იმიტომ რომ სხვა ასიამოვნო, მითუმეტეს რომ შენ მასზე დაღლილი ხარ.
ავტობუსი რომ ჩერდება, ჩადიხარ და ჩანთას ცალ მხარზე იკიდებ. სახლში რომ შედიხარ და ხვდები რომ ყველაფერი მოგბეზრდა და მარტო ძილი გინდა. ეხეთქები საწოლზე, როგორ ჩაფირებული გქონდა და გესმის შენი გულის ფეთქვა.
ფიქრობ:
ნეტავ რამდენ ადამიანს ესმის ამ წამს საკუთარი გულის ცემა,
ნეტავ რამდენი ეხეთქება ამ წამს საწოლზე,
ნეტავ რამდენი ადამიანი აგდებს ამ წამს ჩანთას დივანზე,
ნეტავ რამდენი ადამიანი არ თმობს ამ წამს ავტობუსში ადგილს,
ნეტავ რამდენი ადამიანი ფიქრობს ამ წამს დაუმთავრებელ წიგნზე,
ნეტავ რამდენი ადამიანი ოცნებობს ამ წამს სახლში მისვლაზე,
ნეტავ რამდენ ადამიანს ტკივა ამ წამს წელი,
ნეტავ რამდენი ადამიანი უყოლებს ამ წამს ნაბიჯებს სიმღერის რითმს,
ნეტავ რამდენი ადამიანი იხვევს ამ წამს თითზე ყურსასმენის კაბელს,
ნეტავ რამდენი ადამიანი ღიღინებს ქუჩაში ხმამაღლა,
ნეტავ რამდენს უყვარს პარასკევი.

და აი ისიც – ნანატრი ძილი

არაფერი

June 3, 2012

 

ზეპირი კომუნიკაციის არშემდგარი მაგალითები.
მიზეზი -სიზარმაცე.

დედა: რა ხდებოდა სკოლაში?
მე: არაფერი.
სინამდვილეში- დღეს ვიწუწავეთ. ყველა გალუმპული იყო, მერე თამუნა გიორგის ეჩხუბა. ჩვენ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში მართალი არ იყო და მთელ კლასს გაგვიბრაზდა  “როცა მჭირდებოდით გვერდში არ დამიდექით”-ო. მეორე დღეს სკოლაში არ მოსულა და წერილი გამოგვიგზავნა, სანამ ყველა ბოდიშს არ მომიხდის ბოლო 15 დღე სკოლაში არ ვივლიო. ჩვენ დამნაშავეები არ ვყოფილვართ და კატეგორიულად არ ვიხდით ბოდიშს. არ გვინდა გაბუტვით მანიპულირების საშუალება მივცეთ.

დედა: რამეში გამოგიძახეს?
მე: არაფერში.
სინამდვილეში-  მათემატიკაში რამდენიმე მაგლითი გამოვიყვანე დაფასთან. ქართულში მოვყვი გაკვეთილი და ა.შ.

მეგობარი: რას შვრები?
მე: არაფერს.
სინამდვილეში- ყველაფერს.

მეობარი: რა არის ახალი?
მე: არაფერი.
სინამდვილეში- მალე სკოლა იხსნება და გახარებული ვარ. 500$ -იანი პროექტი დაგვიფინანსდა და კიდევ უფრო გახარებულები ვარღ🙂

სამხატვროს მასწავლებელი: რატომ არ დადიხარ გაკვეთილებზე?
მე: რავი აბა..
ის: რამე მიზეზი ხომ არ არის?
მე: არა, არაფერი.
სინამდვილეში- რაღაცნაირი გარემოა, “ქენქერა” ბავშვები არიან, მარტო ხატვა მირჩევნია, ვერ ვიტან რაღაცის დახატვას რომ მავალებენ (განსაკუთრებით დოქების).

ვზივარ კომპიუტერთან.
ჩემი ძმა: რას შვრები?
მე: არაფერს.
სინამდვილეში- დავძვრები ფეისბუკზე, ბლოგებზე. ვეძებ ლამაზ სურათებს, ვუსმენ მუსიკებს იუთუბზე და ა.შ

___________________________________________________________
მე: რა მაქვს დასაწერი კიდევ?
მე: არაფერი.
სინამდვილეში- ყველაფერი.

%d bloggers like this: